ჟურნალი «ბეეროთ იცხაკ» ქართულ ენაზე №19 (ბეხუკოთაი)

Дата: | Автор материала: null

1351

[mwm-aal-display]

[1] «თუ ივლით კანონითა ჩემით, და შეინახავთ მიცვებს ჩემსას … მოგცემთ წვიმებს დროულს … და ხე ბაღისა შენისა გამოიღებს ნაყოფს …  და შეჭამთ პურსა სინაყრისა თქვენისას … და მოგცემთ შალომს თქვენს მიწაზედ … » (ვაიკრა 26:3-9)

როგორც წინა კვირის თავში ასევე ამ კვირის თავშიც საუბარი მიდის მეშვიდე წელზე — შვიითზე, როდესაც ებრაელს არ აქვს უფლება დაამუშაოს მიწა, რადგან მეშვიდე წელიწადი არის შაბათი მიწისა და თორა სასტიკად გვაფრთხილებს შევინახოთ ეს ამკრძალავი მიცვა.

რაში კომენტარში ამ მონაკვეთზე გვასწავლის რომ: თუ ივლი კანონითა ჩემით, და შეინახავ მიცვებს ჩემსას —  მოგვიწოდებს გამჩენი — თორის სწავლისა და მისი შესრულებისკენ, სამაგიეროდ კი უხვად გვიბრუნებს გამჩენი კურთხებას როგორც ვხედავთ თვით ტექსტში თორისა. ასევე სხვა კომენტატორები ამ მონაკვეთის შინაარსიდან გამომდინარე გვასწავლიან რომ გამჩენი მსწავლელსა და შემსრულებელს თორისა ჰპირდება ყველა კურთხებას.

ვის აქვს უნარი, მეშვიდე წელს მიატოვოს გაყვავებული ბაღები მოსავლით სავსე და წავიდეს თორის სასწავლებლად, თუ არა გიგანტს, ზუსტადაც რომ გიგანტი ჰქვია ასეთ ადამიანს, რადგან შეისმინა მან სიტყვა გამჩენისა — «თუ ივლი კანონითა ჩემით, და შეინახავ მიცვებს ჩემსას»  რადგან სავსეა მისი გული რწმენით თორის სიტყვებისა — «მოგცემთ წვიმებს დროულს … და შეჭამთ პურსა სინაყრისა თქვენისას» რომ მისცემს გამჩენი მას უხვ მოსავალს დანარჩენი წლების მანძილზეც, მაგრამ წვიმას მხოლოდ მატერიალური მნიშვნელობა არ აქვს ამ ლექსში — ბაბილონის თალმუდში (თაყანითი) გვასწავლიან ბრძენები: თორა ჰგავს წყალს — როგორც წყალი ეშვება ზევიდან ქვემოთ, ასევე თორა ეშვება ციდან ქვემოთ მხოლოდ მასზე ვინც თავმდაბალია, რადგან სიამაყე და თორა არ შეიძლება იყოს ერთად. ვხედავთ რომ სახელი გიგანტი, რომელიც ჩვენ ვუწოდეთ შვიითის შემნახველთ შესაფერისია, მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია დახაროს თავი და შეიმინოს გამჩენის სიტყვები, დაიდოს უღელი გამჩენის კისერზე. სამაგიეროდ კი არა მარტო მატერიალური კეთილდღეობა ელოდება არამედ — წმინდა და სანუყვარი თორა, რომელიც არის აზრი და შუქი ებრაელი კაცის ცხოვრებისა. ასევე წიგნ «პირკეი ავოთ»-ში სადაც ბრძენები გვასწალიან — ვინც სწავლობს თორას რათა შეასრულოს ის (ანუ მიცვები) ციდან აძლევენ მას საშუალებას: ისწავლოს, ასწავლოს და შეასრულოს — რაც თავის მხრივ არის უდიდესი საჩუქარი და მიღწევაა ებრაელი კაცისა ამ ქვეყანაზე და ხე ბაღისა გამოიღებს ნაყოფს — ადამიანი შედარებულია ხეს, წერილობითი თორა მას ასეც მოიხსენიებს — ადამიანი როგორც ხე ბაღში. რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ნაყოფი ვიდრე გამჩენის მოშიში შთამომავლობა და პირადი ჯაფით მიღებული თორა, რომლის გადაცემითაც მოსწავლეებისთვის იქმნება ნამდვილი ნაყოფი, სამყარო ივსება თორით, სიწმინდით, სურვილით გამჩენისა, მოსწავლეებიც იწოდებიან შვილებად მასწავლებლისა და მართლაც ემსგავსება ადამიანი ხეს აყვავებულს. «და მოგცემთ შალომს თქვენს მიწაზე» — განა აქვს რაიმეს ფასი თუ არ არის შალომი? შალომი ყოველი კუთხით, ქვეყანაში, სამსახურში, ოჯახში და ყველაზე მთავარი პირადი — შიდა შალომი. თუ არ აქვს ადამიანს შალომი, მას არ აქვს სიხარული არც პირადი მიღწევების, არც დაგროვილი ქონების, არც დასვენების და არც მომავლისკენ უნდა გახედვა, რადგან ყველაფერი შავია. მაგრამ თუ კი მიაღწია ადამიანმა შალომს, მოიპოვა სიმშვიდე — არ აქვს მას სურვილი ეძიოს დიდება, სიმდიდრე და ა.შ — ყველაფერი რაც მოჩვენებითი და წუთიერია, არამედ ადიდებს გამჩენს და სწავლობს თორას, რადგან გამჩენის სახელია შალომი, რადგან თორაა შალომი, რადგან შენახული შაბათი გვანიჭებს ნამდვილ შალომს! შალომის სიდიდის მტკიცებულებას ვხედავთ სამ ადგილას — ლოცვის — ამიდის ბოლოს, ბირქათ ჰამაზონის ბოლოს და ქოჰენთა ლოცვის ბოლოს, სამივე შალომით მთავრდება. იყოს ნება გამჩენის ვისწავლოთ და შევინახოთ თორა და გამჩენი მოგვცემს შალომს

[2] მშობლის პატივისცემა

რატომ არის ადამიანი ვალდებული სცეს პატივი მშობლებს ?

თორის 613 მიცვის შესრულებაზე ვალდებულია ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში, ესმის მათი აზრი და მიზეზი თუ არა. მიცვა » მშობლის პატივისცემა » ერთ ერთი ყველაზე გასაგები და ადვილად მისახვედრია. რა თქმა უნდა ვინც გვშობა,  ატარებდა უძილო ღამეებს ჩვენს მოვლაში, გაგვზარდა, გვაჭამა, ჩაგვაცვა და გვფარველობდა ამდენი წლის განმავლობაში, უნდა გაგვაჩნდეს უსაზღვრო მადლიერების, პატივისცემის და შიშის გრძნობა, ვეცადოთ გადაუხადოთ სიკეთე უსაზღვრო სიკეთისთვის, რომელიც მათ გაგვიკეთეს.  ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია მადლიერების გრძნობა ძულს ყველას. წიგნ » სეფერ ხასიდიმ «-ში ავტორი წერს : ვინც პატივსცემს მშობლებს იწოდება ცადიკად — წმინდანი, ვინც კი არა — თორის დამრღვევად. ადამიანი მშობლისგან იღებს მორალს, ეთიკას, განათლებას, ტრადიციას და მრავალ სხვა ცხოვრებისთვის აუცილებელ თვისებას, რომელიც სხვისგან შეუძლებელია მიიღოს, რადგან მშობელი მოწოდებულია გადასცეს შვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, მოახვიოს მას გარშემო, რათა აარიდოს მოსალოდნელი სირთულეებისა და წინაღობებისგან. იძახის რავ მეირ სიმხა დვინსკიდან : თუნდაც არ გაზარდონ მშობლებმა ბავში, ის მაინც ვალდებულია მათ სცეს პატივი. თაობა, რომელიც გამოვიდა მიცრაიმიდან (ეგვიპტიდან) იკვებებოდნენ მანით, სვავდნენ წყალს ჭიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა  მათ ყველგან, ერთი სიტყვით არავითარი საზრუნველი არ ჰქონდათ, ტანის სამოსიც კი გამჩენის სასწაულით, იზრდებოდა მათი ზრდის მიხედვით. ებრაელურ მორალსა და ეთიკას თვით გამჩენი ასწავლიდა მოშეს პირით. ამ თაობამ სინაის მთასთან თვით მიიღეს მშობლის პატივისცემის მცნება — მიცვა. ბაბილონის თალმუდში ბრძენები იძახიან რომ, ადამიანის შექმნაში მონაწილეობენ სამნი : ღმ-რთი; მამა და დედა. მშობლები — ასრულებენ როლს — გამჩენის თანაშემწეებისა, რაღა თქმა უნდა გამჩენის თანაშემწეებს ეკუთვნით პატივისცემა.

[3] წყვილი იქმნება ზეცაში

რამდენად რთული გასაგებიც არ უნდა იყოს — წყვილი იქმნება ზეცაში, ასე გვასწავლის თორა. 
რომაელმა მატრონმა (გავლენიანი ქალბატონ)  მიმართა კითხვით რაბი იოსი ბენ ხალაფთს: «რითია დაკავებული გამჩენი მას შემდეგ რაც შექმნა მსოფლიო რაბიმ უპასუხა: «ქმნის წყვილებს და აკავშირებს მათ«. ქალბატონს გაეცინა: «სულ ეს არის? მე მყავს ათასი მონა კაცი და ათასი მონა ქალი და მეც დავაკავშირებ მათ ერთ საღამოს იოლად«. რაბიმ უთხრა: «ერთი შხედვით — თქვენთვის შეილება მარტივი იყოს, გამჩენისთვის კი ისევე რთულია, როგორც წითელი ზღვის გაყოფა 

იმავე საღამოს მან დააქორწინა — ყველა თავისი მონა. დილით მას იმედგაცრუება ელოდებოდა. «ახალდაქორწინებულებმა» მიაკითხეს ქალბატონს ყვირილით და საჩივრებით. ყველა უკმაყოფილო იყო იმ წყვილით რომელიც შეხვდა მას. 

დაუძახა ქალბატონმა რაბი იოსის და ჰკითხა: «როგორ ეხერხება გამჩენს წყვილების დაკავშირება უპასუხა რაბიმ: «უდიდესია მისი სიბრძნე, და მთლიანად იყენებს მას წარმატებული ქორწინებისთვის. თვითონ წყვიტავს, ვის ვინ დაუკავშიროს, რომ შეიქმნას ძლიერი ოჯახი, აკავშირებს ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ასეა მას მერე რაც მან შექმნა სამყარო«. რომაელმა ქალბატონმა აღიარა: «არ არსებობს სხვა მსგავსი თქვენი ჰაშემის  და არ არის მეტი ჭეშმარიტება ვიდრე თორა თქვენი«. 

ბაბილონის თალმუდში (სოტა 2.) ნათქვამია: «ორმოცი დღით ადრე ბავშვის ჩასახვამდე ზეცაში გაისმის ხმა:«ეს ქალიშვილი ეკუთვნის ამა და ამ ვაიშვილს«, ოჯახის შექმნაში, ჩვენ არ ვეყრდნობით ბედის გაღიმებას, ჩვენ არ გვჯერა, რომ წყვილი შეიძლება შეიქმნას შემთხვევით. დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ქორწინება არის გააზრებული და ყურადღებით დაგეგმილი გამჩენის მიერ. (ბერეშით რაბა 68:4)

(თარგმანი: დ. ელიგულაშვილი)

[4] თორა არ იქნება შეცვლილი

რაბი იოსეფ ხაიმი — ბენ იშ ხაი

«ეს არის წესები, კანონები და ხელმძღვანელობანი, რომელიც მისცა ღმ-რთმა მასსა და ისრაელს შორის სინაის მთაზე მოშეს ხელით» (ვაიკრა 26:46)

ცნობილია, თორა თვით ღმ-რთმა სიდიდითა და ბრწყინვალებით გადასცა ისრაელის ერს, როდესაც გაეხსნა მათ სინაის მთაზე — ცეცხლსა და ხმაურში, ჭექასა და ქუხილში და ეს ყველაფერი იმდენად ძლიერ შემზარავი იყო რომ ვერ შეძლო ისრაელმა დგომა გამჩენის წინაშე და მოითხოვა ერმა მოშეს შუამდგომლობით მიღება თორისა, როგორც ნათქვამია: «გველაპარაკე ჩვენ და შევისმენთ … ნუღარ დაგველაპრაკები გამჩენო, რათა არ დავიხოცოთ» (შმოთ 20:16). ჩნდება კითხვა: რატომ თავიდანვე არ იყო მიცემული თორა მოშეს ხელით?

პასუხი შემდეგია: რომ ყოფილიყო თორა მიცემული მხოლოდ მოშეს ხელით, მომავალ თაობებში ადგებოდნენ ცრუ წინასწარმეტყველნი და იტყოდნენ: როგორც დაიჯერეთ მოშესი, რომ მისცა გამჩენმა თორა მას, ასევე დაიჯერეთ ჩვენი, რომ მოგვცა გამჩენმა თორა ახალი ჩვენ და არც სასწაულის გაკეთება გაუჭირდებოდათ, რადგან ფლობდნენ ძალებს უწმინდურს. ზუსტად იმისთვის რომ აეცილებინა გამჩენს ზემოაღნიშნული, გაეხსნა ისრაელის ერს სინაის მთაზე, პირადად მიმართა და დაავალა ორი მიცვა მისმა აღმატებულებამ, მხოლოდ მას მერე რაც დარწმუნდა ისრაელის ერი, რომ გამჩენი ესაუბრებოდა — გააგრძელა გამჩენმა მათვის მიცვების გადაცემა მოშეს შუამდგომლობით. თუ მოხდება და მოვა ცრუ წინასწარმეტყველი და ეტყვის ისრაელის ერს — მომცა გამჩენმა თორა ახალი, უპასუხებს მას ისრაელის ერი —  ტყუილია, რომ მოეცა გამჩენს თორა ახალი (რაც არ შეიძლება რომ მოხდეს) უნდა გამოცხადებულიყო ისევე, როგორც გამოგვეცხადა სინაის მთაზე და რომ არ იქნება გამოცხადება გამჩენისა, არ იჯერებს ისრაელის ერი ამ ტყუილს და უგულვებელყოფს ცრუს.

ეს არის ჩანაფიქრი ლექსში სადაც წერია: «ეს არის წესები, კანონები და ხელმძღვანელობანი» — ეს და არა სხვა, რადგან არ შეიძლება თორა იყოს შეცვლილი და არის მტკიცებულება: «რომელიც მისცა ღმ-რთმა მასსა და ისრაელს შორის სინაის მთაზე მოშეს ხელით» — ნახა ისრაელის ერმა გამჩენი გახსნილი მათ წინაშე, მოსაუბრე მათან, მხოლოდ შემდეგ გათვითცნობიერებისა რომ მისი საუბრის გაძლება ვერ შესწევს ადამიანს, მოითხოვეს თორის გადმოცემის გაგრძელება მოშეს ხელით. ამის შემდეგ ვერ მოვა ცრუ წინასწარმეტყველი და ვერ გვეტყვის ჩვენ სანუყვარ და ღვ-თიურ თორაზე რომ შეიცვალა ის.


http://www.beerot.ru/?p=14572