Журнал Беерот Ицхак на грузинском №1

[mwm-aal-display]

ბეეროთ იცხაკი       

«ბეეროთ იცხაკი» იბეჭდება ჩვენი მასწავლებლისა და სულიერი წინამძღოლის  რ.იცხაკ ზილბერის ხსოვნის საპატივსაცემოდ, რაბი ი. პოლიშჩუკის ხელმძღვანელობით. «ბეეროთ იცხაკს» სხვადასხვა ენაზე უკვე 30000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს, მთელს მსოფლიოში. რაბი  ი. პოლიშჩუკის დიდი სურვილია ღმერთის წყალობით ქართულ დიასპორაშიც დაინერგოს ეს ჟურნალი.

[1] ხანუქის დღესასწაული

ხანუქის  დღესასწაული თავის შუქით ანათებს და ათბობს ზამთრის ღრუბლიან და ცივ დღეებს. მოკაშკაშე სანთლები და თბილი ფუნთუშები ახარებს ჩვენს გულებს, მითუმეტეს მას მერე რაც სუქოთისა და სიმხათ თორის დღესასწაულიდან უკვე დიდმა დრომ განვლო, ჩვენს სულებს კი მიცვები და სიმხიარულე სწყურია, ეს დღესასწაული კი მშვენიერი საშუალებაა წყურვილის დასაკმაყოფილებლად. «ბენ იშ ხაი»-ს მოჰყავს «ზოჰარიდან»: რაც უფრო მეტად  ადიდებს ებრაელი გამჩენს, გაკეთებული საოცრებებისათვის, მით მეტად აღვიძებს გამჩენში სურვილს, გააგრძელოს სასწაულები ჩვენი ერისთვის. გარდა მისი სიხასისა და სათუთოებისა ძალიან მარტივი შესასრულებელი და დასაცავია, არ მოითხოვს არანაირ შეზღუდვას, არამედ პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიმხიარულე და თავისუფლება, რადგან თვით დღესასწაულის მიზეზი ებრაელი ერის დახსნაა მორიგი შეჭირვებიდან, რომელსაც ბერძნული სამეფო ახორციელებდა.

მეორე  ტაძრის არსებობის პერიოდში ბერძნენთა სამეფომ ისრაელის ერს მძიმე პირობები შეუქმნა, მათი გადაწყვეტილება ებრაელთა არა ხორციელი, არამედ სულიერი განადგურება იყო. აიკრძალა თორის სწავლა და მიცვების შესრულება, ასევე ავიწროებდნენ მატერიალურად და რაცხავდნენ ოჯახურ სიწმინდეებს, ასევე დიდი სიბინძურით შეურაწყვეს წმინდა ტაძარი, ერთი სიტყვით, დიდი ტკივილი და დამცირება იყო ისრაელის მიწასა და ერისა. ეს ყველაფერი გაგრძელდა იქამდე, სანამ გამჩენმა დიდი წყალობა არ გამოამჟღავნა და დაიხსნა ებრაელები ბერძენთა მძიმე უღელიდან. ომი ბერძენთა ძლევამოსილი ჯარის წინააღმდეგ სულ რაღაც 70 ქოენმა დაიწყო, ეს იყო ხაშმონაების დინასტია, რომელმაც დაამარცხა მტერი და მეფობა ხელთ იგდო. ისრაელთა მეფობა გრძელდებოდა კიდევ ორასი წელიწადი, სანამ მეორე ტაძარი არ იქნა დამწვარი.

მეფობის  დაბრუნებისთანავე, ქოენები ტაძარში შევიდნენ.  ეს დღე 25 ქისლევი გახლდათ. მათ ტაძარში მენორის ასანთობად საჭირო წმინდა ზეთი ვერ იპოვეს, არამედ, მხოლოდ ერთი ქილა, რაც მხოლოდ ერთი დღის საკმარი იყო. აღმოჩნდა, რომ ბერძნებმა რიტუალურად დააბინძურეს ტაძარში არსებული ზეთი, გარდა ამ უკანასკნელი ოდენობისა, რომელზეც ჯერ კიდევ უხუცესი ქოჰენის ბეჭედი იყო, რაც მისი ხელუხლებლობის დამადასტურებელი იყო. გამჩენმა მოახდინა სასწაული და ეს ზეთი არც მეტი და არც ნაკლები რვა დღე ეყო მენორის ასანთებად, იქამდე, სანამ იქნა დამზადებული ახალი, წმინდა ზეთი. ამ სასწაულის სამახსოვროდ იქნა დადგენილი ხანუქის დღესასწაული, რომელიც 25 ქისლევს დადგინდა და გრძელდება 8 დღეს. მასზედ, თუ რატომ დაერქვა მას «ხანუქა» არის რამოდენიმე აზრი. ერთ-ერთი მათგანის ავტორი «ფრი ხადაში» ხსნის ამ სიტყვას შემდეგნაირად: «ხანუქა» (חנוכה). სიტყვა « ხანუ »  რაც  ნიშნავს დასვენებას, დაკავშირებულია ტაძრის დაბრუნებასთან, რადგან დაისადგურეს ქოენებმა კვლავ ტაძარში. ხოლო «ქა»-ს ციფრობივი მნიშვნელობა (გემატრია) უდრის 25 (20 — כ;5 — ה) რაც ემთხვევა დღესასწაულის პირველი დღის თარიღს.

გამჩენმა მენორა  თორიდან დაავალა მოშეს, როგორც ნათქვამია: «და გააკეთე მენორა სუფთა ოქროსაგან «. მენორა, იყო გაკეთებული სუფთა ოქროსაგან, ჩამოსხმული ერთიანად და არა აწყობილი რამოდენიმე სხვადასხვა ნაწილისიგან.  ასევე, ზეთიც უნდა ყოფილიყო დამზადებული ნარჩევი ნაყოფიდან და რიტუალურად სუფთა. ყველგან თორის წყაროებში, სადაც კი მოხსენებულია ბრძენების მიერ ზეთი ან სანთლების ანთება, იგულისხმება გულის სიბრძნე და გონებრივი სიღრმე. ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ დააბინძურეს ბერძნებმა ზეთი ტაძარში — იცოდნენ რა კავშირი ებრაელი ერისა ტაძარში არსებულ ყველა ნივთთან. ზეთის რიტუალური დაბინძურებით, მათ შეძლეს ებრაელთა გულსა და აზროვნებაში შეეტანათ სიბინძურე და სიბნელე, რაც მყისიერად აისახა ებრაელი ერის დიდ ნაწილზე — მათ მიდრეკილებაში ბერძნული ფილოსოფიისაკენ, რომელშიც თითქოსდა დაინახეს «ჭეშმარიტება», მიჰყვნენ ამ სიბნელესა და სიცრუეს და დატოვეს გამჩენის გზები. ქოენთა მიერ ნაპოვნმა ერთმა ქილამ, რომელიც იყო ანთებული მენორაში,  რაც თითქოს, სულ რაღაც ერთი წმინდა ნაპერწკალი იყო წმინდა ებრაელთა გულსა და გონებში, — საკმარისი გახდა რომ სინათლე მოჰფენოდა მათ, გაეღვიძებინა მათში გამჩენის სამსახურის და თორის სწავლის სურვილი, გაახსენა თუ ვინ არის ჭეშმარიტი მეფე და განმკარგველი დედამიწაზე, რომ ებრაელი ერია მისი რჩეული ყველა ერთაგან, და ყველა ერმა უნდა იაროს ებრაელი ერის კვალზე და არა ებრაელებმა — სხვა ერების კვალზე.

25 ქისლევირაბების გადაწყვეტილებით ყველა თაობაში დადგინდა გამჩენის მოდიდებისა და ისრაელი ერის გათავისუფლების აღნიშვნის დღედ, რაც მადლიერების გამოხატვაა იმ დიდი წყალობისა და საოცრებისათვის, რაც გამჩენმა მოუვლინა ისრაელის ერს. ეს საოცრება, რომელმაც გამოაღვიძა ებრაელი ერი, აუცილებელია რომ ყველა თაობაში იქნეს აღნიშნული და მოდიდებული, მითუმეტეს მაშინ, როცა გაფანტულები ვართ სხვა ერების გარემოცვაში და მათი უღელის ქვეშ ვიმყოფებით, რადგან მხოლოდ თორის სწავლითა და მიცვების შესრულებით შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები და კავშირი ღმერთთან. გამჩენთან კავშირის შენარჩუნების გარეშე, შეუძლებელია გადარჩენა, რადგან მხოლოდ მისი დახმარებით ხდება ყველა საოცრება. და ვინა არის ამ საოცრებისა და სასწაულის ღირსი? მხოლოდ ის, ვინც ინარჩუნებს გულის სიღრმეში პატარა, უკანასკნელ ნაპერწკალს და იმ მცირეოდენ «ზეთს», რომელიც მხოლოდ ერთი დღის საკმარია. ზუსტად მას უგზავნიან ციდან დახმარებას, რათა გახდეს ღირსი სასწაულსა და აინთოს მეს ისი მცირეოდენი ზეთი სამუდამოდ.

ბერძენული ფილოსოფია დღევადელობაში

ნათქვამია ბრძენების მიერ: «დანიშნულება სიბრძნისა — დაბრუნება ღმერთთან და კეთილი საქმეებია«. რათქმაუნდა, ადამიანმა უნდა იზრუნოს მის კეთილდღეობაზე და გაიადვილოს ცხოვრება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი ცხოვრების თვითმიზანი, რადგან სიბრძნის ძირითადი დანიშნულება ეს არ არის! სიბრძნეს, რომელიც ემსახურება ადამიანის მხოლოდ გარეგან და არა მის სულიერ და პიროვნულ განვითარებას, — არ ეწოდება სიბრძნე. იქ, სადაც, არსებობს მორალის ნაკლებობა, მეცნიერების განვითარება ემსახურება სიბოროტის გაძლიერებას. თუ დავუკვირდებით დღევანდელი მეცნიერების უსაზღვრო განვითარების ეპოქას, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ და, რა საკვირველია, ვერ ვუარყოფთ მათ სარგებელს, ჩნედება კითხვა: გახდა თუ არა კაცობრიობა უფრო ბედნიერი და  უფრო მორალური? პასუხი ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა ერთია — არა . პირიქით, განვითარების ძირითადი მიზანი არის სამხედრო დანიშნულების. მაგალითად ატომური ბომბი, თანამგზავრი, რომლითაც განუწყვეტელი დაკვირვება ხდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე, ერთი სიტყვით ყველაფერი ეს შექმნილია რათა შეიქმნეს კონტროლი მთელს კაცობრიობაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერცერთი ყველაზე თანამედროვე საშუალებითაც კი შეუძლებელია ღმერთის პოვნა. ზუსტად ეს არის ბერძნული სიბნელე, მათი ფილოსოფიიდან გამომდინარე — მხოლოდ ის, რაც შეიძლება იქნეს აღქმული თვალით — არსებობს ამ ქვეყანაზე, ხოლო რაც კი ფარულია თვალისთვის — არა. აქედან გამომდინარე ვხედავთ რომ, ეს ყველაფერი არის სიბოროტისთვის, ამ ყველაფრის წყაროს კი წარმოადგენს ადამიანის ცუდი თვისებები. ცუდი თვისებების შერწყმა სიბრძნესთან ჰქმნის ძალას, რომლიც საბოლოო ჯამში ემსახურება ადამიანის ბოროტი და ბინძური მიზნების განხორციელებას. მაგალითად ავიღოთ კომუნიზმი, არც თუ ისე დიდი ხანი გავიდა ამ «წითელი» ეპოქიდან. ერთი შეხედვით ძალიან მომხიბვლელი წამოწყება იყო — » თანასწორობა, შრომისმოყვარეობა, მეცნიერების განვითარება, ერთა თანამეგობრობა და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე დიდი « სიკეთე« მათ ჩანაფიქრში უღმერთობა და სიბნელე იყო.

იგივე  შეიძლება ითქვას დღეს. ნუ დავიწყებთ ძებნას შორს, ჩვენს სახლებში შემოპარულ  ქაოსს და სიბნელეს დავუკვირდეთ. მსოფლიოს დიდი ნაწილი ცხოვრობს ვირტუალურ სამყაროში. მართალია, მას, რათქმაუნდა გააჩნია დადებითი მხარეები. დღევანდელი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია, მსოფლიო დამოკიდებულია მასზე: ეკონომიკა, პრესა, ამინდის პროგნოზი, ნებისმიერი წიგნი და ნებისმიერ კითხვაზე მრავალფეროვანი პასუხი, საკომუნიკაციო საშუალებები. რამდენად გაადვილა კავშირი შორეულ ქვეყნებთან, დაკარგული და დავიწყებული ნათესაობრივი და მეგობრული  კავშირების აღდგენა, და ა.შ, რისი უარყოფაც შეუძლებელია.

მაგრამ !!!  მეორეს მხრივ, არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, მის სისასტიკეს ვერსად გავექცევით. ყოველწლიურად გამოქვეყნებულმა სტატისკამ  გვაჩვენა, თუ რაოდენ საშიში მტერია თითქმის ყველა ოჯახში, მხოლოდ რუსეთში 2014 წელს 25 000 ოჯახი დაინგრა სოციალური ქსელების გამო. ასევე სხვა ბევრი უზნეობა, რომელიც იქ სუფევს, და ადამიანს არა მარტო ღმერთისგან და გარე სამყაროსგან აშორებს, არამედ თავისთავისგანაც. თითქოსდა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია ნებისმიერ ნათესავთან თუ მეგობართან დაკავშირება, მსოფლიოს ნებისმერ კუთხეში, ყველა ახლოსაა, მაგრამ რეალურად ყველა ძალიან შორსაა, ყველა თავისთვის გამოკეტილია სახლში. მაგალითად, პიროვნებას სანამ სოციალურ ქსელში დავიმატებდით, გვენატრებოდა, ნახვის და მოკითხვის სურვილი გვქონდა, მაგრამ დღეს რატომღაც პირიქით … არაფერს თუ ვიტყვით დაკარგულ დროზე და ფინანსურ დანახარჯებზე, რომელთა ახსნას ვერ ვპოულობთ. ნებისმიერი ნორმალურ ადამიანს, ზიზღის გრძნობით ერთხელ მაინც გაუთიშავს კომპიუტერი და გადაწყვეტილებაც კი მიუღია რომ ეს უკანასკნელი იყო, მაგრამ იქვე, რამოდენიმე წუთის შემდეგ თუ არა, მეორე დღეს, თავის გასამართლებელი რამოდენიმე ათეული მიზეზით ისევ ჩაურთავს. ასევე სპორტში — ხალხს ცხოვრების მიზნად აქვს დასახული დაემსგავსოს მოკაშკაშე სპორტსმენს, არაფრის დიდებით არ გააცდენს არცერთ ღონისძიებას, სადაც ეს სპორტსმენი მონაწილეობს. რა თქმა უნდა მშობლები კმაყოფილი არიან, შვილი კარგ გზას ადგასო, ქუჩაში არ დგას უსაქმურად, მეტიც, «აქვს შანსი» ტელევიზიითაც გადმოსცენ. ეს არის ზუსტად ის «ბერძენი» დღეს ჩვენ ერში, ჩვენს სახლში, ჩვენს თავში,  რომელმაც მაშინ ტაძარი შეურაწყო, თორა, ლოცვა და მიცვები აგვიკრძალა, რათა მოვეწყვიტეთ — ღმერთისგან და ებრაელობისგან. ანალოგიურად დღეს, გვიკრძლავს ჩვენ და ჩვენი შვილები დავდგეთ სწორ გზაზე, დავიბრუნოთ იერი ებრაელისა, რომლითაც ჩვენი წინაპრები ამაყობდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ ღმერთს, თუნდაც იგივე კომუნისტების დროს, სისხლის ფასად იცავდნენ წესებს და ინახავდნენ ტრადიციებს. დაფიქრება გვმართებს, საიდან მოვდივართ, რა დევს ჩვენს ფესვებში, რომელიც მოდის ავრაჰამიდან, იცხაკიდან და იაკობიდან, რას გვთხოვს ღმერთი და რას ვაკეთებთ ჩვენ, ვისი მატერიებით და ფილოსოფიით ვცხოვრობთ, სად გაქრა ებრაელთა  იერი, თვისებები, სიბრძნე, რომლითაც ღმერთმა დაგვასაჩუქრა და რის გამოც ყველამ გვაღიარა. ებრაელთა ძალა, ღმერთთან კავშირში, სიბრძნესა, სიწმინდესა და ერთიანობაშია.

დიდი ჰილელი ბრძანებს :  თუ მე არ ვარ ჩემთვის, მაშ  ვინ? თუ მხოლოდ ჩემთვის, მაშ ვინ ვარ? თუ არა ეხლა, მაშ როდის? რაც განიმარტება შემდეგნაირად: «თუ მე არ ვარ ჩემთვის» — თუ მე თვითონ არ ვიზრუნებ  ჩემს სრულყოფილებაზე, მაშ ვინ იზრუნებს? თუ მხოლოდ ჩემთვის ვზრუნავ, ირგვლივ ვერ ვამჩნევ ვერავის და ვერაფერს, მაშ ვინ ვარ და რა არის ჩემი ფასი? თუ არა ეხლა, დაუყოვნებლივ არ დავიწყებ ვალდებულების შესრულებას, მაშ როდის, ყოველი წუთი შეუცვლელია, დროს ვერ მოაბრუნებ, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო გუშინ — დღეს ვეღარ გააკეთებ, ან ვინ იცის რას მოიტანს ხვალინდელი დღე, იქნება კი ასეთივე შესაძლებლობა?

[2] ხანუქის წესებიდან

ხანუქის   პირველ დღეს ვანთებთ ერთ სანთელს, მეორე დღეს ორს და ა.შ. ყოველდღე თითო სანთლის მიმატებით, სანამ ბოლო დღეს არ აინთება რვა სანთელი.

  •     ყველა ვალდებულია სანთლის ანთებაზე, თუნდაც ის ვინც შესაწირით საზრდოობს. სანთლების ანთების საუკეთესო საშუალებად ითვლება ზეითუნის ზეთი, მაგრამ ასევე მიღებულია უბრალო სანთლების ანთებაც (რომლებსაც ხანუქისთვის ამზადებენ). დადგენილი კანონის მიხედვით, ყოველ დღეს საკმარისია ერთი სანთლის ანთება, მაგრამ ტრადიცად ყოველდღე თითო სანთლის მიმატება გახდა. სანთლის უქონლობის შემთხვევაში, ვიდრე რამოდენიმე დღე მივყვეთ ტრადიციას, უმჯობესია რვა დღის განმავლობაში ავანთოთ თითო სანთელი,  რადგან კანონი ასე გვკარნახობს.
  • სანთლების ანთების დრო მზის ჩასვლიდან 15-20 წუთია, მაგრამ ანთება ასევე შესაძლებელია 30 წუთის შემდეგ, სასურველია არ გადავაცილოთ მზის ჩასვლიდან 50 წუთს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ანთება დაშვებული მთელი ღამის განმავლობაში. მამაკაცები «ყარბითი»-ს ლოცვის შემდეგ რაც შეიძლება უმოკლეს დროში ანთებენ სანთელს,.
  •      სანთლის ანთების დროის დადგომიდან ანუ 3 ვარსკვლავის გამოჩენიდან, სანთლის ანთებამდე  არ შეიძლება ჭამა ან რამე საქმიანობა, რადგან მიცვის შესრულების დრო დადგა, ამიტომ უპირველეს ყოვლისა ვასრულებთ მიცვას, ანუ ვანთებთ ხანუქის სანთელს.
  •     სანთლის ანთების ხანგრძლივობამ, ვარსკვლავების გამოჩენიდან 30 წუთი უნდა გასტანოს, შესაბამისად ვინც ანთებს მზის ჩასვლიდან  15 წუთის შემდეგ, საიდანაც ვარსკვლავების გამოჩენამდე 10 წუთი რჩება, ვალდებულია გათვალოს სანთლის ზომა და ხანგრძლივობა, საკმარისი 40 წუთისთვის. (მზის ჩასვლიდან ვარსკვლავების გამოსვლამდე 25 წუთია).
  •     პარასკევ საღამოს, ხანუქის სანთლებს ვანთებთ შაბათის მიღებამდე 15 წუთით ადრე, ანუ შაბათის სანთლის ანთებამდე. შესაბამისად, რადგან ეს გაცილებით ადრეა ჩვეულებრივ დღესთან შედარებით, სანთლის ზომა უნდა იქნას გათვალისწინებული არა ნაკლებ 30 წუთით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს (დაახლოებით 1სთ15 წთ).
  •     ასევე არ ვანთებთ ხანუქის სანთელს შაბათის გასვლამდე, რადგან შაბათს აკრძალულია ცეცხლის ანთება, ამიტომ მოცაე შაბათის ყარბითს ცდილობენ ილოცონ შაბათის გასვლის პირზე. აკეთებენ ჰავდალას და რაც შეიძლება უმოკლეს დროში იწყებენ ხანუქის სანთლის ანთებას.
  •     აკრძალულია ხანუქის სანთლის ხმარება ან მისი სინათლის გამოყენება პირველი 30 წუთის განმავლობაში, ხოლო ამ დროის განვლის შემდეგ, სანთლის სინათლის გამოყენება ნებადართულია, ხოლო თვით სანთლის არა, რადგან ეს სანთელი მიცვას ემსახურება, და მისი გამოყენება ყოველდღიურ საქმეში კი მიცვის დაკნინებაა.
  •      რაც შეეხება «შამაშს» ანუ სანთელს, რომლის საშუალებითაც ვანთებთ სხვა დანარჩენებს, ის ნებისმიერ დროს და ნებსმიერ საქმიანობაში შეიძლება იქნას გამოყენებული.
  •     თავდაპირველად სანთელი უნდა აანთოს ოჯახის უფროსმა, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზების გამო დროულად ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას, უმჯობესია დიასახლისმა აანთოს და დააფიქროს მეუღლის ვალდებულებიდან გამოყვანა, რათქმაუნდა მეუღლესთან შეთანხმების შემდეგ.
  •     მიღებულია სანთლის ანთებიდან პირველი 30 წუთის მანძილზე შეიზღუდოს ნებისმიერი საქმიანობა.
  •     მთელი 8 დღის განმავლობაში, ლოცვასა და ბირქათ ჰამაზონში ვამატებთ ხანუქის დღესასწაულის შესაბამის ჩანამატს, რომელიც მითითებულია სიდურებში, ასევე ყოველდღე ვკითხულობთ მთელ ჰალელს.
  •     მიღებულია ყოველდღე, ხანუქის სანთლის ანთების შემდეგ, იჭამოს ფუნთუშეული. (რა თქმა უნდა ქაშერი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ წარმოადგენს აუცილებლობას, რადგან არაქაშერი არა თუ გვეხმარება მიცვის შესრულებაში არამედ შევდივართ ცოდვაში!)

 (לעילוי נשמות) ლეილუი ნიშმათ:

იოსეფ ბენ ცევი ხაიმ

გრიგორი ბენ მიხაელ

ისრაილ მეირ ბენ რავ ბენციონ

ტექსტში არსებული გრამატიკული შეცდომებისათვის გიხდით ბოდიშს. ეს გამოცემა ძალზედ მცირე ვადაში იქნა დაბეჭდილი. ღმერთის წყალობით, სიხარულით და პატივისცემით გავითვალისწინებთ თქვენთვის სასურველ თემებს მომავალი გამოცემებისათვის. ჩვენი ელ. ფოსტის მისამართია: info@beerot.ru


http://www.beerot.ru/?p=8729